საქართველოში ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლა იწყება. რეფორმის ძირითადი არსი ნომრების ახლებურად აკრეფას გულისხმობს. პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: თბილისში არსებულ ყველა ექვსნიშნა ნომერს წინ 2-იანი დაემატება და გახდება შვიდნიშნა. რაც შეეხება რეგიონების სატელეფონო ნომრებს, ყველა ქალაქსა და რაიონში ისინი ექვსნიშნა გახდება. იცვლება საერთაშორისო ოპერატორების კოდებიც და ამჟამად მოქმედ 8-იანს 10-იანი ჩაენაცვლება (მაგალითად, 8-10 გახდება 10-10), მობილური ოპერატორების კოდებში კი 8-იანს 5-იანი ჩაანაცვლებს(მაგალითად, 899 გახდება 599, 877 კი-577 და ა.შ.). ამას გარდა, იცვლება საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ნომრებზე დარეკვის წესი. ქვეყნის შიგნით საქალაქთაშორისო ზარის განხორციელებისას აბონენტმა უნდა აკრიფოს 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. ასევე 0-ს აკრეფა იქნება საჭირო ქალაქის ფიქსირებული ტელეფონიდან მობილური ოპერატორის ქსელში დარეკვისასაც (მაგ: 0 577 XXXXXX), საერთაშორისო ზარების განხორციელებისას კი აბონენტმა უნდა აკრიფოს 00 ქვეყნის კოდი და ა.შ.

ნუმერაციის ახალი სისტემა საგანგებო მომსახურების ნომრების-სასწრაფოს, პოლიციის, სახანძროს და ა.შ. ცვლილებებსაც ითვალისწინებს: პოლიციის ნომერი გახდება 122, სასწრაფო-133, სახანძრო-111, სამომავლოდ კი ყველა მათგანი გაერთიანდება 112-ში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით საგანგებო სიტუაციების სამსახურის ნომერია. საქართველოში ამჟამად მოქმედი ნუმერაციის სისტემა ვერ პასუხობს დარგის თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, მისი რესურსები შეზღუდული და ამოწურვადია, რაც კომუნიკაციების ბაზარზე ახალი ოპერატორის შემოსვლისა და კონკურენციის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ახალი სისტემა კი ჰარმონიზირებული იქნება ევროგაერთიანების სტანდარტებთან და ნუმერაციის რესურსის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებასაც იძლევა. ამას გარდა, ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში ნომრების პორტაბელურობის სერვისი დაინერგება.

პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩართულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია