ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე ნომრების პორტაბელურობის სერვისი დაინერგება. მომსახურება აბონენტს საშუალებას მისცემს მობილური და ფიქსირებული ქსელიდან ერთი ოპერატორიდან მეორეში მარტივი კომბინაციის აკრეფით გადავიდეს და ამასთან, იგი საკუთარ ნომერს და ინდექსს არ შეიცვლის. ნომრების პორტაბელურობა ხელს შეუწყობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას, მომსახურების ტარიფების შემცირებასა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფას.

თავდაპირველად მხოლოდ ერთი ტიპის პორტაბელურობის პრინციპი იქნება განხორციელებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მობილური კავშირის აბონენტს მხოლოდ სხვა მობილურ ოპერატორთან გადასვლა შეეძლება, ასეთივე შესაძლებობა ექნება ფიქსირებული ქსელების მომხმარებელს, რომელიც მხოლოდ ამ ეტაპზე სხვა ფიქსირებული კავშირის ოპერატორთან შეძლებს გადასვლას საკუთარი ნომრის შენარჩუნებით. შემდგომ ეტაპზე იგეგმება კონვერგირებულ პორტაბელურობაზე გადასვლა სადაც მობილურ აბონენტს ფიქსირებულ ოპერატორთან პორტაბელურობის პრინციპების დაცვით გადასვლა შეეძლება და უკვე ფიქსირებული მომსახურების მიღება ნომრის შენარჩუნებით.

პროექტზე მუშაობას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის შემუშავებაში აქტიურად ჩართულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია