ტელეკომუნიკაციების  სფეროში გაეროს (UN) სპეციალიზებული ორგანიზაცია  საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) შეიქმნა გასულ საუკუნეში, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოთაშორისი (საერთაშორისო) ორგანიზაცია, რომელის ფარგლებშიც კერძო და სამთავრობო სექტორი შეთანხმებულ კოორდინირებას უწევს სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების მუშაობას და ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას.

საქართველო 1993 წლის 7 იანვრიდან არის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) 175-ე წევრი ქვეყანა. ITU – ს წევრი ქვეყანა არის ამ დარგის უმაღლესი სახელმწიფო წარმომადგენლობა. თავდაპირველად საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირში საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტრო, რომლის სამართალმემკვიდრესაც დღეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

გაერთიანება დაყოფილია სამ სექტორად: სტანდარტიზაციის (ITU-T); რადიოკომუნიკაციის (ITU-R) და ტელეკომუნიკაციების განვითარების (ITU-D). სამივე  სექტორის მუშაობა დამოკიდებულია კონფერენციებსა და შეხვედრებზე, სადაც წევრი ქვეყნები განიხილავენ შეთანხმებებს რაც საფუძველია გლობალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების გამართული მუშაობის.

ITU-ს სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ITU- ს კონსტიტუცია და კონვენცია.

ITU-ს ძირითადი ფუნქციაებია წევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა ყველა ტიპის სატელეკომუნიკაციო საშუალებების რაციონალური და გაუმჯობესებული გამოყენებისათვის; წევრ ქვეყნებს შორის რადიოსიხშირული სპექტრის ზოლების განაწილება, გეოსტაციონალურ ორბიტაზე თანამგზავრების პოზიციის და რადიოსიხშირეების გამოყოფა, ქვეყნებისთვის სატელეკომუნიკაციო  საერთაშორისო კოდების გამოყოფა; სხვა და სხვა ქვეყნების რადიოგადამცემი სადგურების ფუნქციონირების კოორდინაცია;   ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების განვითარების, ტექნიკური და კომერციული ექსპლუატაციის წესების, რეგლამენტებისა რეკომენდაციების შეიმუშავება და სხვა.