თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით კომპანია Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფის პროდუქციის მენეჯერი, დივონ ლანი (Divon Lan) იმყოფებოდა.

Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც Google-ის ყველა პროდუქცია, სერვისი და წარმომადგენლობა არ არის დანერგილი და Google-ს სურს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება. დივონ ლანის ვიზიტის მიზანიc საქართველოსა და Google-ის შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა.

10 აგვისტოს დივონ ლანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ქართული მობილური ოპერატორების, წარმატებული ვებ კომპანიების, უნივერსიტეტების და ქართულ „კონტენტზე“ მომუშავე დეველოპერებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლოდ განსახორციელებელ საერთო პროექტებსა და პოტენციალს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს Google-ის პროდუქტებში ქართული ენის მხარდაჭერასა და რუკის გაუმჯობესებაზე.

გარდა ამისა, დაიგეგმა საქართველოში ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლის დაფინანსებაც Google-ის ბიუჯეტიდან მოხდება. მომავალ პროექტებზე საუბარი შედგა როგორც საჯარო და კერძო სექტორთან, ასევე ინდივიდუალურად ქართველ დეველოპერებთან. ვიზიტის ფარგლებში დივონ ლანი ქართველ ბლოგერებსა და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის წევრებსაც შეხვდა.