21 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრი პირველი მოადგილე გიორგი კვირიკაშვილი Google-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, Google-ის პროდუქციის ბაზრის გაფართოების ჯგუფის მენეჯერ ბატონ დივონ ლანს შეხვდა.

see-how-your-google-results-measure-up-with-google-grader-video--6b8bbb4b41Google-ის ბაზრის გაფართოების ჯგუფი მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც Google-ის ყველა პროდუქცია, სერვისი და წარმომადგენლობა არ არის დანერგილი და Google-ს სურს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება. დივონ ლანის ვიზიტის მიზანიც საქართველოსა და Google-ს შორის კავშირების გაძლიერება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანაა.

შეხვედრის განმავლობაში მინისტრის მოადგილემ და Google-ის ოფიციალური წარმომადგენელმა ისაუბრებეს საქართველოში დაახლოებით 5 კაციანი ლოკალიზაციის ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც იზრუნებს Google-ის პროდუქციის გაქართულებასა და Google-ის ქართული სათარგმნი სერვისის (translate.google.com)-ში გაუმჯობესებაზე. ლოკალიზაციის სპეციალისტები ანაზღაურებას მიიღებენ უშუალოდ კომპანია Google- ისაგან.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა Google-ისა და ქართულ ორგანიზაციების თანამშრომლობის საკითხი, ქართული უძველესი მანუსკრიპტების გაციფროვნების და მათი ინტერნეტში განთავსების მიმართულებით.

საუბრისას გამოიკვეთა, სხვა სამომავლო თანამშრომლობის პუნქტებიც. კერძოდ: ერთობლივი პროექტების განხორციელება საქართველოში ანდროიდ პროგრამირებისა და ექსპორტზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ინოვაციების ბაზრის განვითარების კუთხით; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის სპეციალური პროგრამების შემუშავება Google-ის ტექნოლოგიების გამოყენების გზით მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

ამასთან ერთად, საუბარი შეეხო Google – ის პროდუქტების ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებში დანერგვის პერსპექტივას, რომლითაც შესაძლებელია  IT დანახარჯების შემცირება, ეფექტურობის ამაღლება,  ასევე უსაფრთხოების გაძლიერება  IT სისტემებში.

დივონ ლანი თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტით მიმდინარე წლის აგვისტოში იმყოფებოდა, რომლის განმავლობაშიც ქართულ IT კომპანიებს, მობილურ და ინტერნეტ ოპერატორებს, დეველოპერებსა და უნივერისტეტის წარმომადგენლებს შეხვდა თანამშრომლობის წამოწყების მიზნით. იგი მსგავსს შეხვედრებს ამჯერადაც გამართავს.